სამაგისტრო ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

 

თანამედროვე მსოფლიოში კომუნიკაცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროში ინგლისურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, ამისათვის კი ინგლისური ენის მაღალკვალიფიციური მასწავლებლებია საჭირო. მოცემული სამაგისტრო პროგრამის უმნიშვნელოვანეს ღირსებას  წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი სტუდენტს საშუალებას აძლევს იმუშაოს ინგლისური ენის მასწავლებლად. რადგან საქართველოში, განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, პედაგოგიკა/განათლება არის რეგულირებადი პროფესია და სპეციალისტი ვერ გახდება სკოლის ნებისმიერი საფეხურის მასწავლებელი სკოლის მასწავლებლის პროგრამის ან სამაგისტრო პროგრამის გავლის გარეშე. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე ცოდნა და მასწავლებლის სათანადო კვალიფიკაცია. ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის პროგრამა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზეა შემუშავებული, რაც საერთაშორისო დასაქმების გარანტიაა. სასწავლო კურსში გაწერილი სილაბუსების სპეციფიკა დაეხმარება სტუდენტებს მიიღონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ DELTA-ს (Diploma in Teaching English to Speakers of Other Languages, University of Cambridge) თეორიული გამოცდისთვის განსაზღვრული საკითხების მომზადებაში. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არჩევითი კურსი ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა (TKT Essentials), საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჩააბარონ Teaching Knowledge Test (TKT), რომელიც არის კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის.

რადგან პროგრამაზე სასწავლო პროცესი ინგლისურად მიმდინარეობს, ყველა სასწავლო კურსს თავისი წვლილი შეაქვს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებაში. ამ პროგრამაში მისაღწევი ინგლისური ენის დონე გულისხმობს, რომ სტუდენტები თავისუფლად იმეტყველებენ ინგლისურად პროფესიულ თემატიკაზე. სწავლის პერიოდში სტუდენტებმა უნდა შეასრულონ დიდი ოდენობის დამოუკიდებელი სამუშაო (პროექტები, პრეზენტაციები, საკურსო ნაშრომები) იმისათვის, რომ პროგრამის დამთავრებისას ჩამოყალიბებული ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების უნარი. პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის (განათლების მაგისტრი ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში) მისანიჭებლად საჭიროა პედაგოგიკის, ლინგვისტიკისა და მეთოდიკისა ღრმა ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფილია პროგრამის ფარგლებში. პროგრამის წარმატების დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს შეეძლებათ სრულყოფილად გამოიყენონ ინგლისური ენა პროფესიულ გარემოში, გახდნენ წარმატებული მასწავლებლები და გააგრძელონ ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო მუშაობა სადოქტორო დონეზე.  

ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის პროგრამა გულისხმობს ინგლისური ენი სწავლების მეთოდიკაში აკადემიური წარმატების მიღწევას, პროფესიული და პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და რაც ყველაზე მთავარია, პროგრამა უზრუნველყოფს შესაფერის, მოქნილ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო გარემოს, რაც სტუდენტების გლობალურ სამყაროში წარმატებულ ჩართულობას განაპირობებს.