ისტორიაგანათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა 2002 წელს მას შემდეგ, რაც გაიხსნა პირველად საქართველოში ერთადერთი ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა. შემდეგ გაიხსნა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ამერიკისმცოდნეობის, განათლების, ინგლისური და თურქული ფილოლოგიის სფეროებში. 2015 წელს მათ რიცხვს მიემატა საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. 

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამები. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა ოთხი წელია. ადგილობრივ თუ უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება. პროგრამაში ჩართული მაღალკვალიფიციური ქართველი  პროფესორები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ამერიკიდან ყოველწლიურად მოწვეული პროფესორები სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ. პროგრამები შედგენილია წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით. სწავლების ენა არის ინგლისური, რაც კურსდამთავრებულს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილად დაეუფლოს ინგლისურ ენას. სპეციალობით გათვალისწინებული კურსების გარდა სტუდენტები შეისწავლიან მეორე უცხო ენასა (თურქულს, ესპანურს ან რუსულს) და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ფაკულტეტი ასევე ახორციელებს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან. პროგრამებით განსაზღვრული კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნა თუ უნარ-ჩვევები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ საჯარო თუ კერძო სექტორში - ინგლისური ენის მასწავლებლად, მთარგმნელ-რეფერენტად, სხვადასხვა პოზიციებზე საელჩოებში, კულტურის დეპარტამენტებში,  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში.

 

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასევე ისწავლება სამაგისტრო პროგრამები - ინგლისური ფილოლოგია, განათლების მართვა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკისმცოდნეობა, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები, კავკასიოლოგია, თურქული ფილოლოგია. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია და როგორც პროგრამის შინაარსი, ასევე სტრუქტურა პასუხობს განათლების თანამედროვე მოთხოვნებს. პროგრამებიმიზნად ისახავს კურსდამთავრებული აღჭურვოს უნარ-ჩვევებით, რომლებიც აუცილებელია მომავალი დამოუკიდებელი კვლევისა თუ  მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისათვის.კურსდამთავრებულთა შესაძლო დასაქმების სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც აკადემიურ (ინგლისური ენისა და ანგლო-ამერიკული ლიტერატურის მასწავლებელი, სასწავლო დაწესებულებებსა თუ ორგანიზაციებში სხვადასხვა აკადემიური პოზიცია), ასევე არა-აკადემიურ (ჰუმანიტარული პროფილის სახელმწიფო ან არა-სამთავრობო ორგანიზაციებში, განათლების სამინისტროში, საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, სასწავლო დაწესებულებებსა თუ ორგანიზაციებში სხვადასხვა ადმინისტრაციული პოზიცია) სპექტრს.

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება შემდეგი სადოქტორო პროგრამები - განათლების მეცნიერებები, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკისმცოდნეობა. თითოეული კურსის ხანგრძლივობა სამი წელია. ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები განათლებაში ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადპედაგოგიურ, აკადემიურ თუ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ისე განათლების მენეჯმენტის ან ინგლისური ენის სწავლების (არჩეული კონცენტრაციის შესაბამისად) სპეციფიურ საკითხებზე. პროგრამების კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ შემდეგი პროფილით - უნივერსიტეტის ლექტორი (განათლების/ენის სწავლების), მეცნიერი-მკვლევარი, ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში.

ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული პროგრამა კონცენტრირებულია ამერიკული ცხოვრების ფუნდამენტური კონცეფციების და ასპექტების ღრმა შესწავლაზე, ზესახელმწიფოს უკეთ გაცნობის მიზნით და ორიენტირებულია თეორიული მასალის დამუშავებასა და სერიოზული კვლევის წარმოებაზე. აქედან გამომდინარე კურსდამთავრებულები დასაქმდებიან, საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, კულტურის სამინისტროში, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.